გაიცანი კომაროველი: ნატალი ჩიტაია
- 02 თებერვალი, 2022
კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნატალი ჩიტაია ლიტერატურული კონკურსის, ,,ვილაპარაკოთ აფხაზეთზე”, საუკეთესო ათეულში მოხვდა. კონკურსი მწერალთა სახლისა და აფხაზეთის კულტურის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა
აღნიშული კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდა ავტორებს დაევალათ აფხაზეთის შესახებ ლიტერატურული ნამუშევრის შექმნა. ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ათეულის ნაშრომები გამოიცა კრებულად სახელწოდებით ,,10 ავტორის 10 ამბავი”.
კომაროველები გამორჩეულ წარმატებებს აღწევენ არა მხოლოდ ფიზიკა-მათემატიკის, არამედ ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებითაც. ამის მაგალითია ნატალი, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.
ნატალის წარმატებები ლიტერატურულ კონკურსებში:
გია მურღულიასა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ერთობლივი კონკურსის ,,ვწერ თავისუფალ თემას” საუკეთესო თორმეტეულში დასახელდა.
2016 წელს პირველი ლიტერატურული კონკურსის, ,,მწვანე თავგადასავალი”, საუკეთესო ხუთეულში შევიდა. მოპოვებულმა წარმატებამ წერის სურვილი გაუღვივა.
2020 წელს მწერალთა სახლის კონკურსში ,,სამყარო ხვალ” მესამე ადგილი მოიპოვა. აღნიშნული კონკურსი, ნატალის პირველი მცდელობა იყო ფანტასტიკის ჟანრში.
ლიტერატურულ გადაცემა “წიგნების თაროში” მიიწვიეს ბლოგერების ბონუს თამაშზე, რომელშიც ნატალის გუნდმა გაიმარჯვა და ,,თაროელის’’ სტატუსიც მიიღო.
ნატალი წიგნის მაღაზიათა ქსელის “ბიბლუსის” ყოფილი ბლოგერია. ასევე, იყო “ბიბლუსის” ორი ციფრული პროექტის - ,,ლიტერატორი” და ,,კითხვა-კითხვით”, თანაწამყვანი.
ნატალი თავისუფალ დროს კლასიკური ლიტერატურის კითხვას უთმობს. აქვს საკუთარი ბიბლიოთეკაც. პროფესიული ცხოვრების ლიტერატურასთან დაკავშირებას არ აპირებს, თუმცა წერა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
კომაროვის სკოლა ულოცავს ნატალი ჩიტაიას წარმატებას და უსურვებს მრავალ საინტერესო გამოწვევასა და წინსვლას!